ფერები, რეალურ ცხოვრებაში, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენს გრძნობებსა და განწყობაზე. ცხოვრება მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ფერებისგან მიღებული ეფექტი თითოეული ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. მაგალითად, ერთმა კონკრეტულმა ფერმა შეიძლება რამე გრძნობები გაგახსენოთ, მაგრამ ის სხვა ადამიანს განსხვავებულ მოგონებებსა და შეგრძნებებს აჩუქებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი შავი ფერია. ის ზოგისთვის მწუხარების და სევდის მომტანია, როდესაც სხვა შეიძლება მისი დანახვისას რადიკალურად განსხვავებულ შეგრძნებებს განიცდიდეს. ამიტომ დიზაინერებსა და სახლის მეპატრონეებს ინტერიერში ფერების განაწილებისას ჭკვიანური დაფიქრება სჭირდებათ. ამ სტატიაში გაეცნობით ფერების ფსიქოლოგიურ ეფექტს ადამიანის ტვინზე და მათ გამოყენებას ინტერიერის დიზაინში.
ყავისფერით თქვენს სახლში კომფორტულ და ბუნებრივ ატმოსფეროს შექმნით. ეს ფერი ხშირად გვხვდება შემდეგ ფერებთან ერთად: შავი, ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე, წითელი, ფორთოხლისფერი და იასამნისფერიც კი. ყავისფერი ნეიტრალურ ფერებს მიეკუთვნება. ეს ფერი შოკოლადების, ყავისა და ნამცხვრების ასოციაციას იწვევს. ბევრისთვის ყავისფერი დედამიწის ფერადაც მიიჩნევა, ამიტომ ის დაცულობისა და სტაბილურობის შეგრძნებას გვანიჭებს. ინტერიერში ყავისფერი სითბოს, სიღრმისა და ბუნებრიობის შემომტანი იქნება.
თეთრის ფსიქოლოგიური ეფექტი სისუფთავესთან ასოცირდება. მას ინტერიერში წყნარი, ჰაეროვანი ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყენებენ. თეთრი კედლები, ავეჯი ან იატაკი ოთახს ვიზუალურად უფრო ამაღლებს და აფართოებს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მისი ყველგან და ყველაფერში გამოყენება რეკომენდებული არ არის. რაც შეეხება შავ ფერს, თუ მას ჭკვიანურად გამოიყენებთ, თქვენი ოთახი ელეგანტური და დახვეწილი გახდება. თუ შავ ფერს სინათლეზე ან ნეიტრალური ფონის ფერზე გამოვიტანთ, ყველა შავი ფერის საგანი გამოიკვეთება. ხშირად ადამიანები ამ ფერს სიკვდილთან, გლოვასა და სევდასთან აიგივებენ, ამიტომ ის ყველგან არ გამოიყენოთ. სასურველია, სურათის შავი ჩარჩოების, შავი პატარა მაგიდების შეძენა, რომელიც ოთახში არაჩვეულებრივ ატმოსფეროს შექმნის.
ნაცრისფერი ელეგანტურია და ნაკლებ კონსერვატიული. ამ ფერის ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფერთან ერთად გამოიყენება. მაგალითად, ნაცრისფერ-ყვითელი ტანდემი დეპრესიულ ატმოსფეროს ქმნის. განწყობა უფრო ძლიერდება მაშინ , თუ ჩრდილები ყავისფერია. ნაცრისფერის ლამაზი ჩრდილი ღია თეთრ ფერთან ოთახს უკვე ნათელ იერს ანიჭებს. ზედმეტი ნაცრისფერით ოთახი დამღლელი ხდება. რაც შეეხება ყვითელს, ფერებს შორის ის ყველაზე ოპტიმისტურია. ღია ყვითელი ფერის კედლები ან ჭერი სახლში მზიან ატმოსფეროს შექმნის, მუქი ყვითელი კი - პირიქით. თუ ამფერი კედლები თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, მაშინ გამოიყენეთ ის დეკორაციის სახით. ყვითელი ყვავილები, სურათები და აქსესუარები აუცილებლად გაახალისებს თქვენს ოთახს.
წითელი ცეცხლის, ვნების, სიძლიერის ფერია. ის შეიძლება იყოს როგორც თბილი და მაცდური, ასევე ენერგეტიკულიც. ბევრი წითელის გამოყენება, ოთახში ვნების დონეს გაზრდის. ასევე ის გულისცემას აჩქარებს და არა მარტო - ის, მადიანობასაც ზრდის. ამიტომ, თუ ამ უკანასკნელს გაურბიხართ, თქვენ სამზარეულოს წითელი ფერი მოარიდეთ. განსხვავებული ეფექტი აქვს იასამნისფერს. ის თქვენს ოთახში მდიდრულ ატმოსფეროს შექმნის. თუ მას მოლურჯო ჩრდილი აქვს, სიწყნარის, მისტიკურობის ეფექტი გარანტირებულია. მოწითალო ჩრდილები კი უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.
ინტერიერის დიზაინში, ლურჯი ფერის გამოყენება სამუშაო და სამედიტაციო გარემოს ქმნის. ის არეგულირებს გულისცემასა და არტერიულ წნევას. ეს ფერი ხშირად გამოიყენება სივრცის ვიზუალური გაზრდისთვის. ასევე, წითლისგან განსხვავებით, ის აქვეითებს მადას და ამიტომ, ამ ფერს სამზარეულოში ხშირად შეხვდებით. რაც შეეხება მწვანე ფერს, მისი გამოყენებით, ოთახში წყნარ ატმოსფეროს შექმნით. მისი ფსიქოლოგიური ეფექტები ლურჯი ფერის იდენტურია. ის ამშვიდებს თვალებს, გონებას. ფერს ხშირად გამოიყენებენ საძინებელ ოთახში თავისი დამამშვიდებელი ეფექტების გამო.